უმარტივესები
უმარტივესები (ლათ. Protozoa) — ერთუჯრედიანი ცხოველების ტიპი ევკარიოტების ჯგუფისა. მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედებისაგან განსხვავებითმათ მაღალორგანიზებული უჯრედი აქვთ. ახასიათებთ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია:ნივთიერებათა ცვლა,გაღიზიანებადობა,მოძრაობა, გამრავლება. აქვთ ტიპური უჯრედული ულტრასტრუქტურა და საერთო დანიშნულების ორგანოიდების კომპლექსი:მიტოქონდრიები, ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის აპარატის ელემენტები, რიბოსომები, ლიზოსომები. ბირთვი შემოფარგლულიატიპური ორმემბრანიანი ფოროვანი გარსით, შეიცავს კარიოპლაზმას, ქრომოსომებსა და ნუკლეოლებს. უმარტივესები მოიცავს 25—30 ათასამდე სახეობას (მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება ახალი აღმოჩენების შედეგად). უმარტივესები მიკროსკოპული ორგანიზმებია. მათი ზომა მერყეობს 2 მკმ-იდან 1 სმ-მდე. მორფოლოგიურ-ფიზიოლოგიურად განსხვავებული არიან, მაგ., ამება შედარებით მარტივი აგებულებისაა (დიფერენცირებული არ აქვს მოძრაობის, საკვების მოსაპოვებელი და სხვა ორგანოიდები). ინფუზორიებს რთული ორგანიზაცია (ზედაპირული პელიკულური სტრუქტურა, საყრდენი და კუმშვადი ფიბრილები, სამოძრაო ორგანოიდები—წამწამები და სხვა) ახასიათებთ. უმარტივესების ევოლუციისათვის დამახასიათებელია ორგანოიდების პოლიმერიზაცია, პოლიპლოიდიის მაღალი დონე, ბირთვის დიფერენცირება გენერაციულად და ვეგეტატიურად (ინფუზორიებში მათ ეწოდებათ მაკრონუკლეუსი და მიკრონუკლეუსი). უმარტივესების უმრავლესობისათვის დამახასიათებელია უსქესო და სქესობრივი გამრავლების კანონზომიერი ცვლა.
უმარტივესები ბუნებაში ფართოდ არიან გავრცელებული, მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ბიოცენოზისა და მთლიანად ბიოსფეროს კვების ჯაჭვში. მრავალი მათგანი (შოლტოსნები, რადიოლარიები, ინფუზორიები) ზღვისა და მტკნარი წყლის ბენთოსისა და პლანქტონის შემადგენლობაში შედის და ზოოპლანქტონისა (კიბოსნაირნი, ნიჩაბფეხიანები) და თევზის ლიფსიტების საკვებია (განსაკუთრებით ინფუზორიები). წყალსაცავებში უმარტივესები ხშირად იკვებებიან ბაქტერიებით და მიკროორგანიზმებით, რის გამოც მათ სანიტარული მნიშვნელობა აქვთ. ზოგიერთი უმარტივესები შეგუებულია ნიადაგში ცხოვრებას.
უმარტივესების დიდი ნაწილი პარაზიტებია. სპოროვნები და კნიდოსპოროდიები კი მთლიანად პარაზიტულ ფორმებს შეიცავენ. მათი მასპინძლები არიან ადამიანი, სხვადასხვა სახეობის ცხოველები. ადამიანის დაავადებებიდან, რომელთაც ისინი იწვევენ, მნიშვნელოვანია მალარია, ლეიშმანიოზი, ლამბლიოზი, ამებიაზი და სხვა; მსხვილი რქოსანი საქონლის დაავადებებიდან — პიროპლაზმოზი, თეილერიოზი, ტრიპასომოზი. მნიშვნელოვანია ფრინველების პარაზიტული უმარტივესებით (კოქციდიები) გამოწვეული ზარალი. ხშირად თევზის მეურნეობაში თევზის მასობრივი დაღუპვის მიზეზია პარაზიტული უმარტივესები (იქთიოფთირიუსი). მიქსოსპორიდიები ძირითადად თევზის პარაზიტებია, მიკროსპორიდიები — ფუტკრის, თუთის აბრეშუმხვევიასი და სხვა.
ზღვის უმარტივესებს — რადიოლარიებსა და ფორამინიფერებს — დიდი მნიშვნელობა აქვთ დანალექი ქანების ფორმირებისათვის. სხვადასხვა გეოლოგიურ პერიოდში ზღვისა და მდინარეების ფსკერზე კირქვები და ცარცული ნალექი მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოქმნილია ნამარხი უმარტივესების ჩონჩხებისაგან. უმარტივესების ზოგი სახეობა (ამება, ინფუზორია) გამოიყენება ლაბორატორიულპრაქტიკაში ციტოლოგიის, გენეტიკური და ბიოფიზიკური პრობლემების შესასწავლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგებაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 141.