[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

აჰმედ I

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰმედ I
ოსმ. آحمد اول‎ — Âhmed-i evvel
ოსმალეთის მე-14 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1603
მმართ. დასასრული: 1617
წინამორბედი: მეჰმედ III
მემკვიდრე: მუსტაფა I
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 აპრილი 1590
დაბ. ადგილი: მანისა, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 22 ნოემბერი 1617
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი
ქიოსემ სულთანი
ფატმა ხათუნი
შაჰნაზამ ხათუნი
შვილები: ოსმან II
მეჰმედი
მურად IV
ბაიაზიდი
ქასიმი
სულეიმანი
იბრაჰიმ I
აიშე
ფატმა
ჰანზადე
გევერჰანი
დინასტია: ოსმანების დინასტია
მამა: მეჰმედ III
დედა: ჰანდან სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

აჰმედ I (ოსმ. آحمد اول‎ — Âhmed-i evvel , თურქ. Birinci Ahmet; დ. 18 აპრილი, 1590, მანისა — გ. 22 ნოემბერი, 1617, კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის მე-14 სულთანი (1603—1617 წწ.). 1603 წელს აჰმედ I-მა სამეფო ტახტი მემკვიდრეობით მიიღო, მას შემდეგ რაც მამამისი, მეჰმედ III გარდაიცვალა.

აჰმედ I 1603 წელს

დაიბადა 1590 წლის 18 აპრილს, მანისაში, ოსმალეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის, შეჰზადე მეჰმედისა და მისი ხარჭის, ჰანდან სულთნის ოჯახში, ბაბუის, სულთან მურად III-ის მმართველობის პერიოდში. დედაქალაქში ჩავიდა 1595 წელს, სულთან მურადის გარდაცვალების შემდეგ, როცა მამამისი ტახტზე მეჰმედ III-ის სახელით ავიდა. აჰმედი არ ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ, რადგან ჰყავდა ორი უფროსი ძმა — მაჰმუდი და სელიმი. აგრეთვე, უმცროსი ძმა მუსტაფა. 1597 წელს გარდაიცვალა შეჰზადე სელიმი. 1603 წელს, საფიე სულთნის ინტრიგების შედეგად, მეჰმედ III-მ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეჰზადე მაჰმუდი სიკვდილით დაასჯევინა. აქედან გამომდინარე, აჰმედი ტახტის მემკვიდრედ იქცა.

აჰმედ I ტახტზე 13 წლის ასაკში ავიდა და გახდა ოსმალეთის პირველი სულთანი, რომელსაც სულთნის ტიტულის მიღება სანჯაყში წასვლის გარეშე მოუწია. აგრეთვე, პირველი სულთანი, რომელმაც ტახტზე ასვლის შემდგომ ძმა სიკვდილით არ დაასჯევინა. აჰმედის ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ მას ჯერჯერობით არ ჰყავდა შვილები და ტახტის ერთადერთი მემკვიდრედ მუსტაფა ითვლებოდა. სწორედ ახალგაზრდა სულთნის მოქმედების შემდეგ გაუქმდა აღნიშნული ტრადიცია, რომელიც სხვამ შეცვალა — შეჰზადეებს აეკრძალათ სახელმწიფო მართვის საქმეებში ჩარევა და ისინი ჰარამხანაში, სპეციალურ გისოსებში იყვნენ გამოკეტილნი.

აჰმედ I-ის მმართველობის დასაწყისში ოსმალეთის იმპერია ერთდროულად ავსტრიას და ირანს ებრძოდა. გარდა ამისა ანატოლიაში მიმდინარეობდა ჯელალიების აჯანყება, რომელიც ჯერ კიდევ სულთან მეჰმედ III-ის დროს დაიწყო. ამბოხებულები აკონტროლებდნენ მნიშვნელოვან ტერიტორიებს. ომის შემდეგ, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდა, აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს. სპარსეთის შაჰმა აბას I-მა ისარგებლა ამ აჯანყებით და 1604 წელს ოსმალები გამოდევნა აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სხვა ტერიტორიებიდან, რომელიც სტამბოლის 1590 წლის შეთანხმების შედეგად ჰქონდათ დათმობილი. ამის შემდეგ ირანის არმიამ კიდევ რამდენიმეჯერ დაამარცხა ოსმალთა ჯარი, რომლებიც ცდილობდნენ დაებრუნებინათ წართმეული ტერიტორიები. 1612 წლის ნასუჰ-ფაშას ხელშეკრულებით, ოსმალეთის იმპერია ცნო აბას I-ის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები. დამტკიცდა 1555 წელს ამასიის ზავით დადგენილი საზღვრები. აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება არ მომხდარა და ომი კიდევ ექვს წელს გაგრძელდა. ომის დასრულებას აჰმედ I ვერ მოესწრო.

1605 წელს ავსტრიასთან ომის დროს აჰმედ I პირადად ხელმძღვანელობდა ბრძოლას, რომელიც დამთავრდა 1605 წლის 3 ოქტომბერს ესტერგის ციხის აღებით. 1606 წლის 11 ოქტომბერს ავსტრიასთან ხელი მოაწერეს ჟიტვატოროკის ზავს, რომლითაც დასრულდა ცამეტწლიანი ომი უნგრეთში. ზავის მიხედვით, ოსმალები უარს ამბობდნენ ყოველ წლიურ ხარკზე და აღიარებდნენ ჰაბსბურგების იმპერატორის ტიტულს. ამ ზავის დადებაში დიდი წვლილი შეიტანა იმდროინდელმა დიდმა ვეზირმა ქუიუჯუ მურად-ფაშამ.

ცისფერი მეჩეთი

აჰმედ I-ის მეფობა გამოირჩეოდა კორუფციის გაძლიერებით, რამაც გაათავხედა ადგილობრივი მმართველები. თვითონ აჰმედი რამდენიმე ხნის შემდეგ ჩამოშორდა სამეფო საქმიანობას, მასზე დიდ გავლენას ახდენდა საყვარელი ცოლი ქოსემ სულთანი.

ბავშვობიდან აჰმედი რქისგან ამზადებდა ბეჭდებს, რომლებსაც იკეთებდნენ ცერზე, რათა კარგად დაეჭიმათ მშვილდი. გატაცებული იყო პოეზიით და თავადაც წერდა ლექსებს ბაჰთის ფსევდონიმით. აჰმედ I-ის ბრძანებით, კონსტანტინოპოლში, თოფქაფის სასახლის სიახლოვეს, ააშენეს სულთან აჰმედის მეჩეთი (ასევე, ინტერიერის ლურჯი ფილების გამო, ცისფერი მეჩეთის სახელითაცაა ცნობილი). მეჩეთი 1609-1616 წლებში შენდებოდა და მიჩნეულია მუსლიმანური არქიტექტურის განუმეორებელ შედევრად.

სულთან აჰმედი გარდაიცვალა 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, მუცლის ტიფით 1617 წლის 22 ნოემბერს 27 წლის ასაკში. დაკრძალულია ცისფერი მეჩეთის გვერდით მდებარე მავზოლეუმში. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უმცროსი ძმა, მუსტაფა I ავიდა.

  • ოსმან II (3 ნოემბერი 1604 – 20 მაისი 1622), მაჰფირუზ სულთნიდან, ოსმალეთის სულთანი 1618-1622 წლებში;
  • შეჰზადე მეჰმედი (8 მარტი 1605 – მოკლეს 12 იანვარი 1621), ქიოსემ სულთნისგან; ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ 1618 წლიდან.
  • შეჰზადე ორჰანი (1609 – 1612), ქიოსემ სულთანი,
  • შეჰზადე ჯიჰანგირი (დაიბადა და გარდაიცვალა 1609), ფატმა ხათუნისგან;
  • შეჰზადე სელიმი (27 ივნისი 1611 – 27 ივლისი 1611), ქიოსემ სულთანი,
  • მურად IV (26/27 ივლისი 1612 – 8 თებერვალი 1640), ქიოსემ სულთნისგან, ოსმალეთის სულთანი 1623-1640 წლებში;
  • შეჰზადე ჰასანი (25 ნოემბერი 1612 – 1615), ფატმა ხათუნისგან;
  • შეჰზადე ბაიაზიდი (დეკემბერი 1612 – მოკლეს 27 ივლისი 1635), მაჰფირუზისგან; ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ 1623 წლიდან.
  • შეჰზადე ჰუსეინი (14 ნოემბერი 1613 – 1617), მაჰფირუზისგან.
  • შეჰზადე ქასიმი (1614 – 17 თებერვალი 1638), ქიოსემ სულთნისგან; ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ 1635 წლიდან.
  • შეჰზადე სულეიმანი (5 ნოემბერი 1615 – მოკლეს 27 ივლისი 1635), ქიოსემ სულთნისგან.
  • იბრაჰიმ I (5 ნოემბერი 1615 – 18 აგვისტო 1648), ქიოსემ სულთნისგან, ოსმალეთის სულთანი 1640-1648 წლებში;
  • აიშე სულთანი (1605 – მაისი 1657), ქიოსემ სულთნისგან; დაქორწინებული იყო რვაჯერ:
  • პირველად 1612 წელს ნასუჰ-ფაშაზე,
  • მეორედ 1615 წელს ქარაქაშ მეჰმედ-ფაშაზე,
  • მესამედ 1627 წელს ჰაფიზ აჰმეთ–ფაშაზე,
  • მეოთხედ 1634 წელს მურთაზა-ფაშაზე,
  • მეხუთედ 1638 წელს ჯელებ აჰმედ-ფაშაზე,
  • მეექვსედ 1642 წელს ვოინუქ აჰმედ-ფაშაზე,
  • მეშვიდედ 1653 წელს იბშირ მუსტაფა-ფაშაზე,
  • მერვედ 1655 წელს ერმენი სულეიმან-ფაშაზე.
  • ფატმა სულთანი (1606 – 1670), ქიოსემ სულთნისგან, დაქორწინებული იყო შვიდჯერ:
  • პირველად 1626 წელს ქარა მუსტაფა-ფაშაზე,,
  • მეორედ 1629 წელს ჩათალჯალ ჰასან-ფაშაზე,
  • მესამედ 1632 წელს ჯანბულათზადე მუსტაფა-ფაშაზე,
  • მეოთხედ 1637 წელს ჰოჯა იუსუფ-ფაშაზე,
  • მეხუთედ 1644 წელს მაქსუდ-ფაშაზე,
  • მეექვსედ 1662 წელს აბაზა მელექ აჰმედ–ფაშაზე,
  • მეშვიდედ 1663 წელს კუნდაკჩიზადე მუსტაფა-ფაშაზე.
  • ჰანდან სულთანი (1607?).[1]
  • ჰატიჯე სულთანი (1608 – 1610), მაჰფირუზ სულთნისგან.
  • გევჰერჰან სულთანი (1608 – 1660), ქიოსემ სულთნისგან, დაქორწინებული იყო სამჯერ:
  • პირველად 1612 წელს ოქიუზ მეჰმედ–ფაშაზე,
  • მეორედ 1624 წელს თოფალ რეჯეფ-ფაშაზე,
  • მესამედ სიავუშ-ფაშაზე.
  • ჰანზადე სულთანი (1609 – 21 სექტემბერი 1650), ქიოსემ სულთნისგან, დაქორწინებული იყო ორჯერ:[2]

პირველად ლადიქლი ბაირამ-ფაშაზე,

მეორედ ნაქქაშ მუსტაფა-ფაშაზე.

  • ესმა სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1612).ფატმა ხათუნისგან;
  • ზაჰიდე სულთანი (ნოემბერი 1613 – 1620).[3]ფატმა ხათუნისგან;
  • ბურნაზ ათიქე სულთანი (1614 – 1674), ქიოსემ სულთნისგან, დაქორწინებული იყო სამჯერ:

პირველად ჯაფერ-ფაშაზე,

მეორედ 1633 წელს ქოჯა ქენან-ფაშაზე,

მესამედ დოღანჯი იუსუფ-ფაშაზე.

  • ზეინეფ სულთანი (1617 – 1619), შაჰნაზამ ხათუნისგან.[3]
  • აბიდე სულთანი (1618 – 1675), ფატმა ხათუნისგან, დაქორწინდა 1642 წელს, ქუჩუქ მუსა-ფაშაზე.

პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს დაწყებულ თურქულ ისტორიულ სერიალში დიდებული საუკუნე: ქიოსემი აჰმედ I-ის როლი მსახიობმა ექინ ქოჩმა შეასრულა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Peirce, Leslie P. (1993). The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. Oxford University Press, გვ. 288. ISBN 9780195086775. 
  2. Leslie P. Peirce (1993). The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. Oxford University Press. ISBN 978-0-195-08677-5.  p.365
  3. 3.0 3.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-02. ციტირების თარიღი: 2006-05-02.